საავტორო კინოს კორეელი გურუს ვნებანი

თუ თვალყურს ადევნებთ თბილისის კინოთეატრების რეპერტუარს, ჩემსავით გაგაკვირვებდათ კორეელი კინორეჟისორის პაკ ჩან-უკის ცინცხალი ფილმის, ოქროს პალმის რტოზე წარდგენილი “მოსამსახურეს” (Ah-ga-ssi 2016) პოსტერის ხილვა ქართული წარწერით.

14054485_1190872290964387_6172668235504932960_o

თუმცა სულ რაღაც ორი კვირა გადიოდა (ჩემდა საბედნიეროდ შემთხვევით მივუსწარი ბოლო დღეს), სასიამოვნოა რომ თუნდაც ათასში ერთხელ მაინც გვაძლევენ საშუალებას სერიოზული ახალი ნამუშევრებიც ვიხილოთ დიდ ეკრანზე. და ვინ თუ არა პაკ ჩან-უკი, რომელსაც მასავით დიდი სინეფილის – კვენტინ ტარანტინოს მსგავსად ახასიათებს ჟანრული მრავალფეროვნება, მრავალსპექტრიანი სიუჟეტი, მოულოდნელი სვლებით აღსავსე თხრობა და უმთავრესი – ძალადობის ესთეტიზაცია, შეიძლება გახდეს გზამკვლევი პოპულარული კინოს მაყურებლისთვის საავტორო კინოს  ლაბირინთებში?!  თავის დროზე სწორედ ტარანტინო იყო კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი, როდესაც მისი სახელგანთქმული ფილმი – “ოლდბოი”    (Oldeuboi 2003) დააჯილდოვეს, რომელიც როგორც მან აღნიშნა “აბსოლუტური შედევრია, ასეთი ათ წელიწადში ერთხელ ჩნდება მხოლოდ.”

და აი 10 წლის შემდეგ შედგა პაკის დებიუტი ჰოლივუდშიც, მისი პირველი ინლისურენოვანი ფილმით “სტოკერი”  (Stoker 2013), სადაც დედისა (ნიკოლ კიდმანი) და ქალიშვილის (მია ვასიკოვსკა) ისტორიაა მოთხრობილი და რომელშიც აშკარა ხდება მისი გაძლიერებული ინტერესი ქალის ფსიქოლოგიის მიმართ

  – “I’m a father who’s raising a daughter, and it’s an interest I’ve naturally taken. As I grow older I spend more time with my wife and gradually my interest in the woman’s world is growing. I feel like there are comparatively less films that deal with this view. That’s why I became more interested in it.

ქალით, როგორც სუბიექტით და არა ობიექტით, მისი ბუნებით, ხედვის რაკურსით, აზროვნებისა და მოქმედების სტილით, მგრძნობელობით პაკი ადრევე იყო დაინტერესებული, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იღებდა თავისი ცნობილი ტრილოგიის ბოლო ფილმს – “ქალბატონ შურისძიებას” (Chinjeolhan geumjassi 2005), სადაც პირველად ხდება მისი პროტაგონისტი ქალი, რაც მან ახსნა იმით, რომ მხოლოდ ამ სქესის წარმომადგენელში დაინახა ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონოდა მის პერსონაჟს. ქალი, როგორც დამკვირვებელი, თავად ფილმის სიუჟეტშია ხაზგასმული, როცა ის მოკლული შვილების მშობლებს აძლევს მკვლელზე შურისძიების საშუალებას და თავად დაფარული სახით, ისე რომ მხოლოდ თვალები უჩანდეს უთვალთვალებს (და აკონტროლებს) მთელს პროცესს.

mv5bmtc3oty1nzg1nf5bml5banbnxkftztcwndgxmtyzmq-_v1_

მაგრამ “სტოკერში” პაკი ქალის ფსიქოლოგიაში ჩასაღრმავებლად  უკვე პირდაპირ, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიურ საწყისებს მიმართავს, როგორც ჰარუკი მურაკამი იტყოდა “разгребает физиологические сугробы” (ნუ ის რათქმაუნდა იაპონურად ამბობს 😉 ). პაკი ირჩევს ზუსტად იმ დროსა და ადგილს, საიდანაც იწყება ქალურობა და კაცურობა – სექსუალობის გაცნობიერების პერიოდს (და აქ საკვანძო სიტყვაა “გაცნობიერების” 😉 რადგან ინდია (ვასიკოვსკას გმირი) უკვე 18 წლისაა) მთელი თავისი ვნებებით, აღმოჩენებით, სურვილებით, შიშებით… ეს ის პერიოდია, როცა “სტოკერის” მთავარი გმირისთვის ბავშვობა სრულდება (რისი გამოხატულებაც საბავშვო, ასექსუალური ფეხსაცმლის შეცვლაა ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით) და აქამდე ერთიანი, თვითკმარი სამყარო უეცრად და სამუდამოდ იხლიჩება და ნაწევრდება, იწყება თვითშემეცნება, როგორც ადამიანის და როგორც ქალის: “Just as the skirt needs the wind to billow, I’m not formed by things that are of myself alone. I wear my father’s belt tied around my mother’s blouse, and shoes which are from my uncle. This is me. Just as a flower does not choose its color, we are not responsible for what we have come to be. Only once you realize this do you become free, and to become adult is to become free.”

დაპირისპირება დედასთან და ლტოლვა მამისადმი უკვე სრულიად კონკრეტულ სახეს იღებს, როდესაც გამოჩნდება ბიძა (მეთიუ გუდი), როგორც ოჯახური ურთიერთობების ინდიკატორ-კატალიზატორი, რომელიც კლავს მამას და აცდუნებს დედას. ის თითქმის ისევე ჩნდება დედა-შვილის ცხოვრებაში როგორც პაზოლინის სტუმარი “თეორემიდან” და ამსხვრევს ინდიას ცხოვრებას, რათა გზა გაუხსნას ახალ, აქამდე უცნობ თავისუფლებას. სწორედ ბიძაა, ვინც ახალ ფეხსაცმელებს ჩუქნის და ინდიას ინტიმური ფანტაზიების მთავარ გმირად იქცევა. მაგალითისთვის კმარა ფილიპ გლასის საფორტეპიანო დუეტი ოთხ ხელში, რომელსაც ინდია ბიძასთან ერთად ასრულებს და რომელიც, როგორც რეჟისორი თავადვე ამბობს, “it’s a piano performance, but it’s actually sex“.

და ამ მაღალ ნოტაზე შეგვიძლია გადავიდეთ “მოსამსახურეზე” 😉

ფილმზე, რომელშიც პაკს ქალის ფსიქოსექსუალობის მიმართ ინტერესი ახალ რანგში აჰყავს და რომელიც ეროტიკული სცენებით ტოლს არ უდებს აბდელატიფ კეჩიჩეს კანის ტრიუმფატორ ფილმს “ცისფერი ყველაზე თბილი ფერია”. შეძლო თუ არა პაკმა, ისევე როგორც  კეჩიჩემ, არ ექცია ქალთა სექსი ჰეტეროსექსუალური ვუაიერიზმის მსხვერპლად, ძნელი სათქმელია, თუმცა ის ფაქტი რომ ჩემი მამრობითი სქესის ჰეტერო მეგობრებიდან არცერთს მოეწონა ეს ფილმები (მიუხედავად ზოგიერთის ლიბერალური შეხედულებებისა და კინოს, როგორც ხელოვნების, დაფასებისა), დასაფიქრებელია. მათ რომ  ამ ფილმებს პორნოგრაფიული უწოდეს, ჟანრში გაუთვითცნობიერებას დავაბრალებდი, მაგრამ კითხვაზე საერთოდ რა საჭიროა სექსის სცენების ფილმში ჩვენება, პაკისვე სიტყვებს მოვიყვან ციტატად, რომელიც მან კანზე წარმოთქვა და რომელიც ააშკარავებს რომ არც “დიდი კინოს” ეპიცენტრში შეიძლება გაგვიკვირდეს ასეთი “გულუბრყვილო კითხვები”: “In the portrayal of this love, emotions and desire, there’s no way around avoiding the act that arises from such raw emotion and desire, I think avoiding it would be odd, like a war film without battle scenes.

სინამდვილეში ეს გულუბრყვილობა კიარა ტაბუირების მუდმივი ლტოლვის გამოვლინებაა, რაც გასაკვირი მითუმეტეს არაა, როცა საქმე ეხება ჰომოსექსუალობას. პაკ ჩან-უკი კი სწორედ ის რეჟისორია რომელსაც ტაბუს მსხვრევა ყველაზე მეტად უყვარს. ფაქტიურად ის თავის ყველა ფილმში ეხება ტაბუირებულს და ყველგან დესაკრალიზაციაა მისთვის ამოსავალი წერტილი. ამიტომაც ის არ შემოიფარგლება ლესბოსური სექსის ჩვენებით, არამედ ეკრანს ავსებს შუნგას (იაპონური ეროტიკული არტი) სცენებით და ამ ყველაფერში ათვითცნობიერებს ბავშვს(!)

სამწუხაროდ წაკითხული არ მაქვს სარა ვოტერსის “დელიკატური ნამუშევარი” (Fingersmith), რომლის მიხედვითაც გადაიღო პაკმა “მოსამსახურე”, მაგრამ ფილმის ანალიზისთვის ეს არაა არსებითი მნიშველობის, ვინაიდან ეკრანიზაციების ლიტერატურულ პირველწყაროსთან შედარება იმის შესაფასებლად,  რამდენად სწორად აკოპირა რეჟისორმა სიუჟეტი, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია (და აქ საკვანძო სიტყვაა “შესაფასებლად” რადგან თავად განსხვავების არსებობის აღნიშვნა მნიშვნელოვანი ფაქტორია რეჟისორის მიერ დასმული აქცენტების გამოვლენის თვალსაზრისით) და კინოს, როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი დარგის (თუნდაც სინთეზურის) შეურაცხყოფად აღვიქვამ.

პაკმა მოქმედება ვიქტორიანული ინგლისიდან იაპონური კოლონიზაციის პერიოდის კორეაში გადმოიტანა, რაც მხოლოდ იმ მიზეზით ახსნა, რომ რომანის ადაპტირებისთვის ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი მხოლოდ ამ ეპოქაში არსებობდა – კლასობრივი წყობა და დასავლური ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფო. ამდენად პაკი აქაც, როგორც თავის პირველ წარმატებულ ფილმში – “გაერთიანებული უსაფრთხოების ზონაში” (Gongdong gyeongbi guyeok JSA 2000), ემიჯნება ყოველგვარ წინასწარგანწყობებს, სხვათა მსგავსად ის არ ქმნის მტრის ხატს, მასთან იაპონელი თუ ჩრდილო კორეელი აპრიორი არ წარმოადგენს ბოროტების განსხეულებას, არამედ ის უბრალოდ ყვება ნამდვილ ადამიანებზე, როგორც ინისა და იანის ერთიანობაზე და არასდროს განსჯის (ეს ალბათ ისაა, რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში).

Similar to how I wanted to focus on individuals living through the colonial era rather than a story about the colonial era itself, I always wanted to create a movie that portrayed [homosexual romance] as something natural, as just a normal part of life.

აი სწორედ ასე, ხაზგაუსმელად, მიუთითებლად, უსაყვედუროდ, პაკ ჩან-უკი გაცილებით მეტს ამბობს გაგებაზე ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური აქტივისტი, ის პირდაპირ გიჩვენებს, რომ იქ, ბარიკადებს მიღმა არის შენნაირი ადამიანი, ის არც კარგია როგორც ერთნი ამტკიცებენ, ის არც ცუდია როგორც მეორენი ამბობენ, არამედ ის ისეთივეა როგორიც ხარ შენ. აი ამ დამოკიდებულების შემოტანა უკვე ლგბტ თემატიკაში და განსაკუთრებით ქალებთან მიმართებაში, მისგან ერთგვარი პოლიტიკური აქციაც კია… ამასთან ისეთი მკვეთრი მესიჯებით როგორიცაა სცენაში, სადაც მთავარი გმირის ბიძა, თავისი საყვარელი პორნოგრაფიული ნაწარმოებების ჩამოთვლის კვალდაკვალ ერთმანეთის მიყოლებით აჭრის თითებს თვითმარქვია გრაფს (რომელიც, შუა პროცესში ნაწარმოების არჩევანსაც კი მოუწონებს თავის ჯალათს 😀 მოკლედ პაკი თავისი მოულოდნელი იუმორით აქაც შესანიშნავად ახერხებს მაყურებლის დაძაბულობა ნერვულ სიცილში გადაზარდოს). ეს სიმბოლური კასტრაცია შეგვიძლია მივიღოთ როგორც სასჯელი სექსიზმისთვის, რომელსაც ღირსეულად იტვირთავს პაკი და მისი პერსონაჟები.

“მოსამსახურეში” პაკი კვლავ შურისძიების, სიკვდილისა და ვნების თემატიკას უტრიალებს, მაგრამ წინა ფილმებთან შედრებით თუ შურისძიება და სიკვდილი უკანა პლანზე ინაცვლებს, ვნება, რომელიც აქამდე ცოდვასთან მჭიდრო კავშირში განიხილებოდა (კერძოდ “სტოკერში”, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ; “წყურვილში” (Bakjwi 2009), სადაც ვამპირად ქცეული მღვდლის ვნებებია აღწერილი; “ოლდბოიში”, სადაც ვნების თემა თავის აპოგეას აღწევს ორი ინცესტით), დანაშაულის შეგრძნებისგან თავისუფლდება და ეროტიკის ქარცეცხლში ინთქმება.

I’m not sure whether eroticism is as important as a theme such as death and revenge, which I have explored in several of my previous films, But I am interested in studying human nature and there haven’t been so many films that have honestly studied the question of lust.

ის რომ პაკმა ვნების “გათავისუფლება” სწორედ ლგბტ თემატიკის ფილმში გადაწყვიტა, მაფიქრებინებს რომ იგი ერთგვარად ჰომოსექსუალური სიყვარულის ლეგიტიმაციასაც ესწრაფვოდა, რაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა ამით ფილმში ჩემთვის მნიშვნელოვანი ხელწერული ხარვეზი გაჩნდა, კერძოდ ის რომ აქამდე პაკი მუდმივად ღია დასასრულს არჩევდა, აქ კი უბრალო “ჰეპი ენდით” შემოიფარგლა. თვითონვე აღნიშნავდა: “To be frank, I didn’t think it would make it to the competition (საუბარია კანის კინოფესტივალზე) I thought it would suit the Midnight Screening section because it is a charming, happy-ending story without any ambiguous elements, which are often found in art-house movies.”

მაგრამ უნდა ვაღიაროთ კანში უყვართ ლგბტ თემატიკა და კანში უყვართ პაკ ჩან-უკი, ასე რომ… 😉 ასე რომ თუმცა არ ვთვლი რომ ეს ამ კაცის საუკეთესო ნამუშევარია, მომწონს რა მიმართულებითაც მოძრაობს, და თუ მის დამოკიდებულებასაც გავიხსენებთ: “Whenever I start off a new film, the first thing I think is how to be different from what I’ve just done.” შემდეგი ფილმი რაღაც ძალიან ველური რამ გამოუვა. 😉

პ.ს. რამდენიმე საათში BIAFF იწყება, სადაც დიდოსტატთა კოლექციაში, პაკ ჩან-უკის თანამემამულის, კიმ კი-დუკის ახალ ფილმს აჩვენებენ… ველი ველი ველი

One response to “საავტორო კინოს კორეელი გურუს ვნებანი”

  1. BIAFF დღე მეორე | The world through a gemini's eyes Avatar
    BIAFF დღე მეორე | The world through a gemini's eyes

    […] ოლგა ჰეპნაროვამაც ზღო… ის იყო უკანასკნელი ქალი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ჩეხოსლოვაკიაში 1975 წლის 12 მარტს. და ალბათ ეს იყო ფილმის ყველაზე ემოციურად დატვირთული სცენაც – კადრები, სადაც ოლგა კამერიდან გამოყავთ და უკანასკნელ გზას გაატარებენ… მისი განუწყვეტელი კივილის ფონზე… ძლიერი მესიჯია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, მაგრამ საკმარისია ფილმის მთელი უსიცოცხლო აურის საკომპენსაციოდ? ფილმის ტემპერატურა რამდენიმე ინტიმურმა სცენამაც ვერ ასწია, რომელიც იმ დონემდე იყო აზრს მოკლებული, რომ ლამის მეც ის კითხვა დამებადა, რის გამოც ამასწინათ მეგობრებს ვაკრიტიკებდი – საერთოდ რა საჭირო იყო?😀 […]

    Like

Leave a comment