BIAFF დაიწყო! დღე პირველი

Standard
BIAFF დაიწყო! დღე პირველი
  1. ტესტი გემრიელობაზე წარმატებით ჩავაბარე – სრულიად დაკბენილი
  2. ტესტი მგრძნობელობაზე წარმატებით ჩავაბარე – სრულიად დაბუგული
  3. BIAFF დაიწყო!

ჰო დაიწყო როგორც იქნა… გუშინ იყო გახსნის ცერემონია… რომელმაც ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა (შარშანდელისგან განსხვავებით  😉 )… გაგვაცნეს ფესტივალის პროგრამა, ჟიურის წევრები… დააჯილდოვეს კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის (უნდა აღვნიშნო ბატონი ბერდია ინწკირველი, რომელიც მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით ავიდა სცენაზე და ჯილდოსთვის უბრალოდ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე “დიდი მადლობა” გადაიხადა და დაუბრუნდა ადგილს, მოკლედ გაგვისწორა ლაპარაკით დაღლილ მაყურებელს  😀 )…

მოკლედ გახსნა იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო.

ბოლოს გვიჩვენეს ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია “ბათუმის ტალღა”, რომლის ყურებისას ერთი კითხვა ამეკვიატა: რატომ ვიღებთ ფილმებს? seriously რატომ? ანუ მართლა ისე ხომ არ არის “მეხატება და ვხატავო”? სხვაგან არ ვიცი, მაგრამ კინო ნამდვილად ის ადგილია, სადაც ყველაფერი ხალხისთვის კეთდება – იმისთვის რომ ნახოს და გაიგოს ხომ? ასე არაა? ვცდები? კარგი, ყველა ყველაფერს ვერ გაიგებს, მაგრამ რაღაც ხომ უნდა იგრძნოს მაინც? თუნდაც სულ ოდნავ? ჰა? არა? ok

დავუბრუნდეთ “ბათუმის ტალღას” – იყო საინტერესო ნამუშევრებიც, მაგრამ იყო ისეთებიც მართლა რომ ვერაფერი გავუგე და უნდა ვაღიარო, არც თავი მომიკლავს საკუთარი ინტერპრეტაციების მოფიქრებისთვის, ერთი უბრალო მიზეზით – არასაკმარისი დრო!

დროის დეფიციტი თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედიაა მე თუ მკითხავ. როცა ყოველ დღე, მთელი დღე, რაღაცის მოსწრებაზე ხარ ორიენტირებული, როცა ყოველ წამს უამრავ ინფორმაციას ეცნობი და თუ არ ეცნობი “ლომკები” გემართება, უბრალოდ ფიქრის დრო არ გრჩება… ტრაგედიაა აბა რა არის როცა აღარ ფიქრობ?! და მილიონობით ადამიანი ასეა… არ ან ვერ ფიქრობს… ჰოდა აი ასეთ თანამედროვე ადამიანს, რომელსაც დრო არ აქვს მინდორში გავიდეს და რომც გავიდეს უნარი აღარ შესწევს ყვავილი შეამჩნიოს (რადგან ამ დროს მობილურში ვიღაცის მიერ ატვირთული ყვავილის ფოტოს “ალაიქებს” და მხოლოდ იმ რაკურსით და იმ ხედით წარმოუდგენია “იდეალური ყვავილის” არსებობა) გინდა მისცე მასალა для размишления?!

ნწ, არა… ნწ, ვერა… იმისთვის რომ თანამედროვე ადამიანი დააფიქრო, თავში რამე უნდა აფეთო 😀 და აქ მახსენდება კანის კინოფესტივალის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი “ყველას თავისი კინო აქვს” (Chacun son cinéma ou Ce petit coup au coeur quand la lumière s’éteint et que le film commence 2007) – 36 დიადის 3 წუთიანი ფილმების ნაკრები 🙂 უფრო სწორად კი ერთი კონკრეტული – ლარს ფონ ტრიერის “Occupations”

ისევ გადავუხვიე… მოკლედ “ბათუმის ტალღაზე” ერთი ფილმი მომეწონა ყველაზე მეტად – “გამარჯობა ბაგრატ!” მგონი ასე ერქვა, სამწუხაროდ ვერ ვნახე მასზე ვერანაირი ინფორმაცია რომ გადამემოწმებინა. ფილმი მოგვითხრობს აფხაზ მეგარმონეზე, რომელიც ბათუმში მიდის გარმონის შესაკეთებლად ან ახლის საყიდლად, რადგან მხოლოდ იქ ცხოვრობს კავკასიური გარმონის ერთადერთი ოსტატი და რადგან “რუსულ გარმონზე აფხაზურ ჰანგებს ვერ დაუკრავ”. ძალიან უბრალოდ ჟღერს არა?! მაგრამ სწორედ თავისი უბრალოებით, უპრეტენზიობით და ამასთან სასიამოვნო გულწრფელობით შეძლო ამ ფილმმა მაყურებელში ემოციების გამოწვევა და როგორც დედაჩემმა თქვა: “ეს ფილმი ყველას უნდა აჩვენო”

დღეს ფესტივალმა უკვე სრული დატვირთვით აიღო სტარტი და მეც დამიდგა ყოველდღიური დილემა “რომელი ფილმი ვნახო?”

IMG_9555.JPG

ოჰ, რათქმაუნდა სიამოვნებით ვნახავდი აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ბათუმში შვებულებით ჩამოსულ ზღვის ხამს უბრალოდ არ შემიძლია ამის გაკეთება, თანაც როგორც წეღან აღვნიშნე ფიქრს დრო ჭირდება… ჰოდა მოკლედ დღეს ერთადერთი საკონკურსო ფილმის ნახვა მოვახერხე და ეს იყო ივან ტვერდოვსკის “ზოოლოგია” – ფილმი კუდიან ქალზე 🙂 ჰო, მართლა კუდი აქვს, ნამდვილი კუდი, რომლის გაზრდის შემდეგ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება. თავისი ცხოვრების ნოემბერში, როცა კვლავაც მარტო ცხოვრობს მოხუც დედასთან და მუშაობს რუტინულ სამსახურში საძულველ თანამშრომლებთან ერთად, თითქოს წინ უკვე აღარაფერია, მაგრამ აი ასეთ უიმედო სიტუაციაშიც შეიძლება მოხდეს სასწაული და აჯანყდე… აღარ დაემორჩილო კანონებს აღარც სამსახურში, აღარც პირად ცხოვრებაში და საბოლოოდ აღარც დედასთან ურთიერთობაში… და აი ეს უკანასკნელი დაუმორჩილებლობა აღმოჩნდა საბედისწერო ნატაშასთვის.

ის ადგა, როდესაც ეკლესიიდან მოკვეთეს (და საინტერესოა რომ ეს ეკლესია საცხოვრებელი კორპუსის ძირში მდებარეობს, როგორც მაღაზიებია ხოლმე); ის ადგა, როდესაც სამსახურიდან დაითხოვეს; გაჭირვებით, მაგრამ მაინც ადგა, როდესაც ახლადგამოჩეკილმა ახალგაზრდა შეყვარებულმა იმედები გაუცრუა; მაგრამ ვეღარ ადგა, როდესაც დედამ უარყო… საზოგადოებისა და ინდივიდის ურთიერთმიმართება, განსხვავებულისადმი შიში და მიუღებლობა, დედისა და ქალიშვილის ურთიერთობა, იდეალურის რეალურთან დაპირისპირება და ცრურწმენები… ამ ფილმმა თავისებურად მოიცვა ყველაფერი ეს, თანაც ყოველგვარი თეთრი ძაფების გარეშე.

ფილმი ძირითადად ახლო ხედებზეა აგებული, შესაბამისად ფილმის დაძაბულობის მთელი სიმძიმე მსახიობების სახეებზე აისახება. ამიტომ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ოპერატორის – ალექსანდრე მიქელაძის და მთავარი პერსონაჟის – ნატაშას როლის შემსრულებლის – ნატალია პავლენკოვას ნამუშევარი.

სხვათაშორის ფილმი დაიწყო მელოდიით, რომელიც ფორტეპიანოს პირველ კლასში მასწავლეს… ისედაც ფილმში ბევრი ისეთი დეტალია, რაც პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კარგად ნაცნობია, შედეგად “ზოოლოგია” რაღაცნაირად “დაბრუნების” შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ დაბრუნებისა სად? ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი ლოკაცია ხომ ზოოპარკია 😉

სინამდვილეში შეიძლებოდა ეს ფილმი ყოველგვარი კუდის გარეშე გადაეღოთ, მაგრამ ივანი ახალგაზრდა ბიჭია და იცის ის რაც უკვე ვთქვი, მაყურებელს თავში უნდა აფეთო 😀 ჰოდა გვაფეთა, არც ძლიერად, არც მსუბუქად, სწორედ იმ დოზით, როგორც საჭირო იყო.

მოკლედ საინტერესო ფილმია.

დანარჩენი საკონკურსო ნამუშევრებისგანაც არ ველი ნაკლებს.

პ.ს. ფოტოები ეკუთვნის დედაჩემს 🙂

Advertisements

3 responses »

  1. Pingback: BIAFF დღე მესამე | The world through a gemini's eyes

  2. Pingback: BIAFF 2016 დასრულდა! | The world through a gemini's eyes

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s