BIAFF დღე მეორე

Standard
BIAFF დღე მეორე

ამ დღესაც მხატვრული ფილმების კონკურსი ავირჩიე. საერთოდ კინოფესტივალზე ჩემი პრიორიტეტი ეს კონკურსია და არა იმიტომ რომ დოკუმენტური ან მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაკლებად მიყვარს. უბრალოდ მინდა ასე თუ ისე სრული წარმოდგენა შევიქმნა ერთ-ერთ კონკურსზე მაინც, მაინტერესებს ჩემი და ჟიურის რჩეული რამდენად დაემთხვევა ერთმანეთს. ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელ დროს კი სწორედ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები გადის, ასე რომ, პრინციპში არჩევანი არც მქონდა. არა, უნდა ვაღიარო, ეს ფილმები მაინც ყველაზე მეტად მიყვარს 😉

მაშ ასე…

მე, ოლგა ჰეპნაროვა ვარ

(იქნება სპოილერები)

მოდი დავიწყოთ რიტმით… ჩემი აზრით კინოში ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ ყველაზე რთულად მისაღწევი ერთი მხრივ სიუჟეტის და მეორე მხრივ კადრის შიგნით მოქმედების რიტმული განვითარებაა.

v_05_Mozart_komponiert_und_spielt_Billard_wmv.gif

ფილმს რაც უფრო დაბალი ტემპი აქვს (და საავტორო კინოს უდიდესი წილი სწორედ ასეთზე მოდის), მით თვალშისაცემია არასწორად დასმული სასვენი ნიშნები. როგორც ცურვისას დარღვეული სუნთქვა გღლის და გახრჩობს, ასევეა ფილმის ყურების დროსაც – თუ ფილმის ავტორი თავად არ არის კინომოყვარული, ის ალბათ თავის ფილმს ვერასდროს აფასებს მაყურებლის მდგომარეობიდან და შესაბამისად ვერ გრძნობს როგორ გადაანაწილოს ენერგია ისე, როგორც გამოცდილმა სერფერმა, რომ მაყურებლის ემოციების ტალღაზე სწორ დროსა და ადგილზე მოექცეს. ჰოდა დაე ფილმები გადაიღონ კინომოყვარულებმა 😉

არ ვიცი რამდენად უყვართ ფილმების ყურება ამ ფილმის რეჟისორებს – პეტრ კაზდას და თომას ვაინრებს, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ ყველაზე მძაფრად რასაც ვგრძნობდი იყო დაღლილობა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი სცენას, სადაც მთავარი გმირი დერეფანში გამოდის და ოთახში უჩინარდება, მაყურებელი კი დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უყურებს ცარიელ დერეფანს, არც ისმის რამე, არც იძვრის რამე. ასეთი სცენების გამოყენება ძალიან უყვართ არტჰაუზში, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ – ასეთ “ცარიელ” კადრებს ხშირად თან ახლავს ან კამერის მოძრაობა, ან ხმა, ან ხმაური, ან წინაპირობებით შექმნილი განწყობილება, რომელიც მაყურებელს აიძულებს თავად წარმოიდგინოს ამ დროს კადრსმიღმა მიმდინარე მოვლენები და განიცადოს. ამ ფილმში კი ეს სცენა დასაწყისშივე ჩანს, შესაბამისად მაყურებელი არც მთავარ გმირს იცნობს, არც რაიმე დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, ამიტომ ამ დერეფანს უყურებ სრულიად უგრძნობად. შეიძლება ასეც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტიურად მთელს კინოჩვენებას ასეთ “უგრძნობლობაში” ატარებ, ავტორები თითქოს სპეციალურად ისე გეგმავენ სცენებს, რომ მთავარი გმირის თუ სიტუაციის მიმართ არაფერი იგრძნო. თუ მართლაც ეს იყო მიზეზი, რა იყო მიზანი? რატომ არ სურდათ გაგვეგო და გვეთანაგრძნო მთავარი გმირისთვის?

“გმირისთვის”… უცნაურია ამ სიტყვის გამოყენება იმ ადამიანის მიმართ ვის ცხოვრებასაც აღწერს ეს ფილმი – ოლგა ჰეპნაროვა, 22 წლის ქალი, რომელმაც სატვირთო მანქანა ტროტუარზე გადაიყვანა და 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მანამდე კი გაზეთებს წერილები დაუგზავნა, რომელშიც საკუთარი ქმედება მსხვერპლის შურისძიებად მონათლა საზოგადოების მიმართ.

1386774545786_5_6734_1

მაგრამ ფილმი უფრო შორიდან იწყება, იმ დროიდან როცა ოლგამ თვითმკვლელობა სცადა, მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ოჯახისგან დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება, იშოვა სამსახურიც, ცდილობდა პარტნიორის პოვნას… ცხოვრების ყველა ეტაპზე ის თავს გარიყულად და უსამართლოდ დაჩაგრულად გრძნობს, ვერ პოულობს საერთო ენას ვერც ოჯახის წევრებთან, ვერც თანატოლებთან, ვერც თანამშრომლებთან, ვერც საყვარლებთან… და ბოლოს და ბოლოს აკეთებს იმას რაც გააკეთა, ირგებს “წამებულის მანტიას” და საზოგადოებას უტარებს “შოკურ თერაპიას”. და აი დღეს მასზე ფილმს იღებენ, რატომ? იმისთვის რომ გავიხსენოთ, გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ? მითუმეტეს, როცა საქმე ასეთ აქტუალურ პრობლემატიკას ეხება?! როცა ჩვენს დროში მთელს მსოფლიოში ჯერაც ბრეივიკები და ათასი ჯურის ტერორისტები იგივე ხერხებით “იძიებენ შურს” საზოგადოებებზე, ამ ფილმის ფასი თითქოს კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ… ხსნის კი ის მასობრივი მკვლელის ფენომენს სულ სულ მცირედ მაინც? თუ იგი სწორედ იმ რაკურსით უჩვენებს ოლგა ჰეპნაროვას, რომლითაც ადვილი ისევ საზოგადოების გამართლებაა?!

ფილმში ოლგას პერსონაჟი გავს ქურაზე შემოდებულ ქვაბს, ცეცხლი ოდნავ ბჟუტავს, რა და როგორ იხარშება ქვაბში უცნობია, უბრალოდ დრო და დრო თუ აღმოხდება ორთქლი… და მოულოდნელად ფეთქდება. ფაქტიურად ერთადერთი, რაც გასცემს ოლგას ვნებათა ღელვას, მის ემოციებს, სამყაროსეულ აღქმას, დამოკიდებულებებს, არის ციტატები მისივე წერილიდან. სხვა მხრივ ფილმში ის და მისი ცხოვრება ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც მილიონობით სხვა ადამიანისა და მითუმეტეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს ფატალურ ფინალს, რომელიც ბოლოს დგება. ანუ რეალურად ჩვენ ვერც მასობრივი მკვლელის ჩამოყალიბებას ვამჩნევთ და ვერც საკმარის პირობებს ამისთვის. ე.ი. გამოდის მიზეზი მის განსხვავებულობაში უნდა ვეძებოთ? ვაღიაროთ რომ უბრალოდ ასეთი ადამიანები იბადებიან და ამას შევეგუოთ? მოვხსნათ საზოგადოებას მთელი პასუხისმგებლობა? მაგრამ მეორე მხრივ, განა ის ფაქტი რომ საზოგადოება ყოველთვის ბრალეულია ინდივიდის მიმართ, ამ უკანასკნელს ათავისუფლებს იმისგან, რომ პასუხი აგოს ნამოქმედარზე? არა!

1801964_olga-hepnarova

ოლგა ჰეპნაროვამაც ზღო… ის იყო უკანასკნელი ქალი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ჩეხოსლოვაკიაში 1975 წლის 12 მარტს. და ალბათ ეს იყო ფილმის ყველაზე ემოციურად დატვირთული სცენაც – კადრები, სადაც ოლგა კამერიდან გამოყავთ და უკანასკნელ გზას გაატარებენ… მისი განუწყვეტელი კივილის ფონზე… ძლიერი მესიჯია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, მაგრამ საკმარისია ფილმის მთელი უსიცოცხლო აურის საკომპენსაციოდ? ფილმის ტემპერატურა რამდენიმე ინტიმურმა სცენამაც ვერ ასწია, რომელიც იმ დონემდე იყო აზრს მოკლებული, რომ ლამის მეც ის კითხვა დამებადა, რის გამოც ამასწინათ მეგობრებს ვაკრიტიკებდი – საერთოდ რა საჭირო იყო? 😀

მოკლედ რომ მოვჭრა, კი დამღალა, მაგრამ მაინც საინტერესო იყო, როგორც ბიოგრაფიული ფილმი 😉 ველი უკეთესს და უკეთესს

Advertisements

2 responses »

  1. Pingback: BIAFF 2016 დასრულდა! | The world through a gemini's eyes

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s