BIAFF დღე მეოთხე და დაკარგული მეხუთე

Standard

BIAFF-ის საკონკურსო კინოჩვენებების მეოთხე დღემაც ჩემთვის ნაყოფიერად ჩაიარა, ორი საინტერესო ფილმი ვნახე და BIAFF-ის ლოგოთი დამშვენებული მაისური და ჩანთა მივიღე ♥

პირველი ფილმი იან ჰრებეიკის “მასწავლებელია” (ისევ სპოილერებით)

mv5bytjkztm4ztgtzjy5my00mdnjlwjkodytntviymvjywe5nwixxkeyxkfqcgdeqxvymjixmzmymq-_v1_

სკოლის ფასადი უზარმაზარი პლაკატით “SVETU MIER!” (მშვიდობა მთელს მსოფლიოში) – ძველი, “კეთილი” კომუნისტური ეპოქა… დილა, ბავშვები ზაფხულის არდადეგებიდან სკოლას უბრუნდებიან და პარალელურად – თოვლიანი ზამთრის საღამო, ზრდასრული ადამიანები იგივე გზას გადიან… ცდილობ მიხვდე რა ხდება, ალბათ იგივე ბავშვებს გვიჩვენებენ ოღონდ გაზრდილებს? ძველ სკოლაში იკრიბებიან რაღაც იდუმალი მისიით? სახეებზე ეტყობათ რაღაც სასიხარულო მიზეზი არ უნდა იყოს…

სინამდვილეში უბრალოდ მშობელთა კრებაა ახალი მასწავლებლის წინააღმდეგ, რომელსაც პარალელურად უყურებ, კეთილი ღიმილით რომ ესალმება თავის მოწაფეებს და ერთმანეთის გაცნობას სთავაზობს ისევ იმ, “პირველი სექტემბრის” დილას (ბრჭყალებში იმიტომ, რომ არსად ამბობენ თარიღს, უბრალოდ იმ ეპოქაში (და ჩემი მოწაფეობის დროსაც) ხომ სკოლა ამ დროს იწყებოდა ყოველთვის). და შენ ისევ იწყებ ფიქრს: “აჰააა, საზოგადოება ინდივიდის წინააღმდეგ? ე.ი. ისევ უდანაშაულო მსხვერპლთან გვაქვს საქმე ხომ?”

ჰოდა ჯობია წინასწარ სიუჟეტის გამოცნობას შეეშვა (BIAFF-ის გახსნაზე ტრეილერებისთვის მეტი ყურადღება რომ მიმექცია, ეს არც დამჭირდებოდა, რადგან ისევ ტრეილერის ცუდი ვარიანტი შემოგვაჩეჩეს თურმე), რადგან ისევ შეცდი, ამ კეთილი ღიმილის მიღმა ტიპიური ექსპლუატატორი იმალება. თქვენ გყავდათ ასეთი მასწავლებელი? ჩემი დაწყებითების მასწავლებელი, მაგალითად, უმიზეზოდ ებუტებოდა მშობლებს და ისინიც საჩუქრებით მის “შემორიგებას” ცდილობდნენ 😀 ვისაც კომუნისტურ ეპოქაში ან იმდროინდელ მასწავლებლებთან უსწავლია, მეტ-ნაკლებად ალბათ შეხებია ეს პრობლემა, თუმცა ჰრებეიკის მასწავლებელი ყოველგვარ საზღვარს სცდება, ის პირდაპირ მოითხოვს მშობლებისგან სხვადასხვა სახის მომსახურებას და ისინიც უბრალოდ უარს ვერ ეუბნებიან, მას ხომ მათი შვილები ყავს ფაქტიურად მძევლად.

ექსპლუატატორის წნეხი რათქმაუნდა ყველაზე მძიმე მარგინალებისთვისაა: მათთვის ვინც ნებას არ ემორჩილება, ვინც ხეიბარია, ვინც ნასამართლევია ანდა უარესი, ვისი მეუღლეც საზღვარგარეთ დარჩა საცხოვრებლად და ე.ი. ქვეყნის მოღალატეა.

ადამიანის დაღდასმა და შემდეგ ბრბოსთვის საძიძგნად მიგდება “გათიშე და იბატონეს” სტანდარტული ხერხია, რომელსაც ექსპლუატატორები შესანიშნავად ფლობენ და ამ ხერხს მასწავლებელი არა მარტო მშობლებზე, ბავშვებზეც დიდი წარმატებით გამოიყენებს. ის ნამდვილი მონსტრია და ამაში ეჭვის შეტანის უფლებას ავტორი არათუ მაყურებელს, თავის პერსონაჟებსაც უკრძალავს (როცა ერთ-ერთი მათგანი დაუშვებს, რომ შესაძლოა ის არც ისე ცუდია, იმავ წამს მასწავლებელი კარზე მოადგება და ნიღაბს იგლეჯს). “ძალა ერთობაშიას” მოტივებზე მშობლები მოულოდნელ გამარჯვებას მოიპოვებენ, მაგრამ მასწავლებლისთვის ყველაფერი სულაც არ სრულდება, ის დიადი სვლით (მისი მუდამ აქცენტირებული ფეხსაცმლით) ახალ სკოლას მიაკითხავს და ახალ მსხვერპლთა სიას კითხულობს. კითხვა: ბოროტება უკვდავია? მაგრამ მოდი დავანებოთ მორალის ძიებას თავი, მითუმეტეს საავტორო კინოში ეს კარგს არაფერს გვიქადის 😉

მთავარი ისაა რომ SVETU MIER!-ის მსგავსი ლოზუნგების მიღმა, ფილმი ძალიან დინამიკურია, ფერადოვანი, მოულოდნელი სვლებით (ნუ უყურებთ ტრეილერებს), მოკლედ ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ყურება, რისი თქმაც გამიჭირდება ამ დღის მეორე ფილმზე

რობერტო ანდოს “აღსარებანი” (არ დაგასპოილერებთ)

201011572-0bfd24ad-9e8d-4055-9c20-af6dd2473771

კინოჩვენების “ჰაილაითით” დავიწყებ – სადღაც დასასრულისკენ, პირველ რიგში ვიღაც კაცი ახვრინდა, რითიც ჟიურის თავმჯდომარის გულისწყრომა გამოიწვია. მე კი არ შემიძლია ასეთ სიტუაციებზე გავბრაზდე, პირიქით ძალიან სახალისოდაც მეჩვენება, რა ქნას ადამიანმა, სპეციალურად ხომ არ უნდოდა, ჩაეძინა 😀 იქნებ დატვირთული დღე ქონდა, ანდა უბრალოდ მოსწყინდა ფილმის ყურება, მითუმეტეს ასეთი ფილმის, სადაც მთავარი მოქმედი გმირი საუბრებია და სუბტიტრების კითხვა ნამდვილად ძალიან დამღლელი საქმეა, ჰოდა დაიღალა და ჩაეძინა 😀

დიდი რვიანის შეხვედრაზე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავჯდომარე იტალიელ ბერს პატიჟებს და მისთვის იმ ღამით აღსარების ჩაბარებას აპირებს, მეორე დილით კი მას მკვდარს პოულობენ. ახლა ყველას ყურადღება იმისკენაა მიმართული რა უთხრა მან ბერს აღსარებაზე. დაინტრიგდით? მაშინ მეტს აღარაფერს გეტყვით იმის გარდა, რომ ფილმის ძირითადი ხაზია ის, თუ როგორ იქცა ადამიანობადაკარგულ ძლიერთა ამა ქვეყნისათა სინდისად იტალიელი ბერი (და ამასობაში ვატიკანის საელჩოსთან რომის პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს… speechless).

სხვათაშორის ამ ფილმსაც “ქალიშვილის” მსგავსად საინტერესო ვერტიკალური ხედი ხსნის, რაშიც ამჯერადაც ციდან დაშვების ან ციდან ყურების ეფექტი შეიძლება ამოვიკითხოთ, მითუმეტეს რომ ფილმის მთავარი გმირები ერთი მხრივ ბერია, მეორე მხრივ კი მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე გავლენიანი პირები, რომელთაც მართლაც წარმოუდგენიათ თავი ღმერთებად, შესაბამისად ფილმიც გამორჩეულად დახვეწილი და ლამაზი კადრებით იწონებს თავს – ფეშენებელური სასტუმრო ზღვის სანაპიროზე…

და რა სევდისმომგვრელია იყო ბათუმში და ეკრანზე დანახულ ზღვას შენატროდე… უკვე ყოველდღე წვიმს, ისე რომ გუშინ კინოთეატრშიც ვეღარ ჩავედი, არადა მართლა მაინტერესებდა თურქული ფილმი “რაუფი“. იმედი მაქვს ფესტივალის ორგანიზატორები გაითვალისწინებენ სეზონის ამინდებს და შედარებით ადრე ჩაატარებენ მომავალ BIAFF-ს.

BIAFF 2016-ის საკონკურსო კინოჩვენებების ბოლო დღეც გათენდა…

ისევ გადაუღებლად წვიმს…

Advertisements

One response »

  1. Pingback: BIAFF 2016 დასრულდა! | The world through a gemini's eyes

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s