BIAFF დღე მესამე

Standard

თუ აჯაფსანდალი არ გიყვარს ერთმანეთის მიყოლებით სამი ფილმი არ უნდა ნახო, თორემ ზუსტად მაგას მიიღებ თავში. ჰო, ვიცოდი რთული იქნებოდა, მაგრამ უკვე მაშინ დავრწმუნდი მაგ ჭეშმარიტებაში, როცა უკვე მეორე ფილმის ყურებისას პირველის ფინალის გახსენებას ვცდილობდი… მაგრამ კინოფესტივალები სხვა გამოსავალს არ გიტოვებენ, გარდა იმისა, რომ აჯაფსანდალი აკეთო, ჰოდა მეც დიდი მონდომებით გავაკეთე და ახლა ვაპირებ თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთისგან გამოვაცალკევო და დავაკვირდე, იმედია რამე გამომივა 😉

მაშ ასე, ფილმი პირველი – „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.

mv5bzjayy2i2owutzja1zs00n2exltgxnmitngnkzjuxmzjimwqyxkeyxkfqcgdeqxvymjewmdy4otk-_v1_

საერთოდ არ მიყვარს ტრეილერების ყურება, იმიტომ რომ მათი უმეტესობა ფანტაზიისთვის არანაირ სივრცეს ტოვებს, თავიდან ბოლომდე გაჩვენებს ფილმის ყველა საინტერესო სცენას, სიუჟეტის განვითარების ისეთ ნიუანსებს, რომ ჟანრულ თარგში თუ გათვითცნობიერებული ხარ, შეგიძლია ჩათვალო რომ მთელი ფილმი ნახე. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ყველა ფილმის ტრეილერს ერთი და იგივე ადამიანები აკეთებენ, იმდენად გვანან ერთმანეთს, განსაკუთრებით ეს რათქმაუნდა ჰოლივუდის მზესუმზირა ფილმებს ეხება, მაგრამ სხვაგანაც ძნელად მოიძებნება ისეთი ტრეილერი, რომელიც ისე დაგაინტრიგებს არ დაგასპოილერებს.

BIAFF-ის გახსნაზე საკონკურსო ფილმების ტრეილერები რომ გვანახეს, “ქალიშვილმა” მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება, მივხვდი რომ ირანული კინემატოგრაფი არც ახლა გაგვიცრუებდა იმედს და რაღაც მნიშვნელოვანსა და ამასთან, ჩვენთვის ახლობელს წარმოგვიდგენდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ტრეილერში ყველაფერი სულაც არ უჩვენებიათ, ფილმში მოქმედება მოულოდნელად სულ სხვა მიმართულებით შეიცვალა და გაცილებით ფართოდ გაიშალა ვიდრე ეს მხოლოდ მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაა, ამდენად მოლოდინი სასიამოვნოდ გამიცუდდა.

ჰო, თემა ტრადიციულად ქალთა უფლებებია მუსლიმ ხალხთა შორის, თუმცა BIAFF-ის შარშანდელ “მუსტანგთან” შედარებით, ნაკლები ტრაგიზმით და მეტი სითბოთი. აქ ყოველი პერსონაჟი ემოციათა მრავალფეროვან კოქტეილს გვთავაზობს – ჯერ ქალიშვილი, თავისი ყოყმანით, სევდით, სიხარულით, შიშით, სიბრალულით; შემდეგ მამა-ბატონი, თავისი მძვინვარებით, შიშით, ყოყმანით, სევდით; ბოლოს მამიდა – თავისი სიხარულით, ბრაზით, სევდით, სიბრალულით… ეს არაა ისტორია ტირან და გულქვა კაცზე, რომლისგანაც თავის დაღწევას ცდილობენ ქალიშვილი და და, პირიქით, სწორედ მამისა და ძმის მიმართ სიყვარულია, რაც აბრკოლებს ორივე ქალს და სინანულისა და სიბრალულის ამაოებაში ნთქავს.

ესაა ფილმი პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის დამოკიდებულებებზე – ოჯახისადმი, თავისუფლებისადმი. აქ აქცენტირებულია არა ქალის მეორეხარისხოვნობა, რაც ისედაც პირველადი მოცემულობაა, არამედ ქალის შიში, დაკარგოს ოჯახის სიყვარული (და მფარველობა), ამიტომ მან უარი უნდა თქვას არჩევანის უფლებასა და არჩევანის თავისუფლებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მამა-ბატონი, რომელიც ასეთი კეთილი, თბილი და ტკბილი იყო წარსულში, მათ აღარასდროს აპატიებს – ქალიშვილიც გაიზიარებს მამიდის ხვედრს და “ედემის ბაღს” მიღმა დარჩება.

მამა-ბატონის “მაღალი მდებარეობის” გამოხატულებად შეგვიძლია დავინახოთ ფილმის დასაწყისში ვერტიკალური ხედით, “ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან” გადაღებული ქარხნის კადრები, რომელშიც ის მმართველის თანამდებობას იკავებს.  ფილმის განმავლობაში შორეული ხედები თანდათანობით ახლო ხედებში გადაიზრდება, ბოლოს კი ვიწრო, მოუვლელ ოთახებში აღმოჩენილი მამა აცნობიერებს რამდენი რამ არ ცოდნია საკუთარ ქალიშვილსა და დაზე. ამდენად, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მან ბოლოს და ბოლოს დაინახა და გაიცნო ისინი, ცოდნიდან გაგებამდე კიდევ ერთი ნაბიჯია. იმედისმომცემია არა?!

ფილმი მეორე – „სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომას ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ.

united-states-of-love-2

პოლონეთი 1990 წელი… ქვეყანაში დიდი ცვლილებებია, რაც თავისებურ გამოძახილს ადამიანთა გულებშიც პოულობს. გახსოვთ იგივე პერიოდი საქართველოში? მე კი მახსოვს ოდნავ მოგვიანებით რა შედეგი გამოიღო “უეცარმა თავისუფლებამ” – სრული დაბნეულობა, გაურკვევლობა, უსუსურობის განცდა… მაგრამ იმის გამო რომ უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვებივით ქვეყანა თავზე დავიმხეთ, დეპრესიისთვის უბრალოდ არავის ეცალა, ყველა და ყველაფერი გადაფარა თვითგადარჩენისთვის ბრძოლამ. როგორც ჩანს ყველგან ასეთ “უმწიფარ” მდგომარეობაში ნამდვილად არ ყოფილან, ამდენად მათთვის დეპრესიული განწყობები გაცილებით ადრე დადგა. ჩემი აზრით სწორედ ეს იკითხება ამ ოთხი პოლონელი ქალის ცხოვრებაში, თითოეული მათგანი ახალ რეალობასთან შეგუებას თავისებურად ცდილობს, თუმცა საინტერესოა, რომ ყველა რაღაც აკრძალულთან თუ ხელმიუწვდომელთან შეხებას ცდილობს (რაც თავისთავად გასაგები ხდება თუ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს გავითვალისწინებთ): აგათასთვის სექსუალური ლტოლვის ობიექტი ქმარი აღარაა, არამედ მღვდელია; იზა ვერ ეგუება რომ მის დაქვრივებულ საყვარელს აღარ უყვარს; რენატა თავისი ახალგაზრდა მეზობელი ქალისადმი გრძნობებს ვეღარ აკონტროლებს; მაჟენას ქმარი კი საზღვარგარეთ მუშაობს, ის მარტოობითა და არარეალიზებულობის განცდით იტანჯება.

ფილმში ბევრი შიშველი სხეულია, სხეულებრივის აქცენტირება სიყვარულის პროფანაციას ემსახურება? ყოველ შემთხვევაში, ასე მთავარი გმირების სულიერი ტკივილი ხელშესახები ხდება და რამდენადაც თვითონვე აცნობიერებენ თავიანთ მოთხოვნილებებს, ყველა მათგანი მოქმედებს ან ცდილობს მოქმედებას, ალბათ ამის გამოა რომ მიუხედავად მძიმე, გამოუვალი მდგომარეობის აღმნიშვნელი ფინალისა, საბოლოო ჯამში უიმედო განწყობილება არ გიპყრობს, თუმცა შესაძლოა ეს პირველი ფილმიდან იყოს გამოყოლილი 😉  მომწონს ფილმების თანმიმდევრობა ამ ფესტივალზე.

ფილმი მესამე – „შეჩერდი!“, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა / იაპონია, 2015; 80 წთ.

stop

ეს უკვე აღარაა მხატვრული ფილმების კონკურსიდან, არამედ დიდოსტატთა კოლექციიდანაა.

ამ კაცის სიყვარულს უნდა ვუმადლოდე შარშან BIAFF-ზე მოხვედრას, ჩემთვის ძალიან რთულია ვიყო ობიექტური მისი ნამუშევრების მიმართ, რადგან ფილმის დაწყებისთანავე “აააჰ კიმკიდუკი” და დორბლი რეაქცია მაქვს 😀 მიხარია რომ წელსაც მომეცა საშუალება დიდ ეკრანზე მენახა მისი ახალი ნამუშევარი, მითუმეტეს ის ჩემთვის ასევე საყვარელი და საინტერესო ხალხის – იაპონელების მონაწილეობითაა და თან იაპონურ ენაზე.

საერთოდ კიმს უყვარს მაყურებლის შოკირება, ამიტომ ლარს ფონ ტრიერისა არ იყოს, მისი ფილმების მიმართ გულგრილი ვერ დარჩები, შეიძლება საშინლად მოგეწონოს ან კოშმარულად არ მოგეწონოს, მაგრამ არაფერი იგრძნო, უბრალოდ შეუძლებელია, თუ გული საერთოდ გაქვს რათქმაუნდა 😉

ამჯერადაც ძალიან მძიმე თემა შეარჩია – იაპონელები და რადიაცია…

2011 წლის 11 მარტი ახლაც კარგად მახსოვს, მზიანი დღე იყო… უნივერსიტეტისკენ დარეტიანებული მივდიოდი იმ შოკისმომგვრელი ცნობით, რაც იაპონიაზე დილითვე შევიტყვე – დამანგრეველი მიწისძვრა, შემდეგ ცუნამი… დიდი მსხვერპლი… მთელი დღეები ინტერნეტში ჩემი საყვარელი არტისტების კარგად ყოფნის დადასტურებას ველოდი… მთელი მსოფლიო ფეხზე იდგა, ზოგიერთები საქართველოშიც კი პატიჟებდნენ უსახლკაროდ დარჩენილ იაპონელებს (თითქოს უპატრონო შინაური ცხოველები ყოფილიყვნენ… თუმცა რათქმაუნდა მიზანი კეთილი იყო)…

მაგრამ ყველაზე შიშისმომგვრელი ის ინფორმაცია აღმოჩნდა, რომ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური დაზიანდა… ჰიროშიმა-ნაგასაკის რემინისცენციები…

კიმმაც ნაიარევს მარილი მოაყარა – აღმოჩნდა რომ ცოლ-ქმარი, რადიაციით დაბინძურებული ტერიტორიიდან, ბავშვს ელოდება, მისი ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ცოლ-ქმარი დილემის წინაშეა – მისცენ ამ ბავშვს დაბადების უფლება თუ არა…

“ყველაფერი იმის ბრალია, რომ ელექტროენერგიას უყაირათოდ ვიყენებთ” – ასკვნის ქმარი და ტოკიოს ელექტროენერგიას უთიშავს…

ჰო, კიმი ასეთია, ტრაგედიაში კომიკურს ისე შემოგიგდებს, შეიძლება ვერც მიხვდე… მაგრამ სწორედ თავისი ირონიით ის ყველაზე მეტად გასთქვამს თავის გულწრფელ დამოკიდებულებას ადამიანებისა და ადამიანურობის მიმართ. ის კვლავ ბუნებას და მასთან დისონანში მყოფ კაცობრიობას გვიჩვენებს, იმ ადგილს, სადაც ადამიანი კონტაქტს წყვეტს ბუნებასთან და ამით გამოწვეულ ტრაგედიას.

ფილმში ბევრი წვიმაა (აქაც სხვათაშორის, ბათუმშიც… განუწყვეტელი წვიმისა და მაქს რიხტერის მუსიკის ფონზე ვწერ უკვე დღეებია), რაც დასხივების შიშთან დაწყვილებული შოჰეი იმამურას 1989 წლის “შავ წვიმას” მახსენებს… თუმცა იმისგან განსხვავებით კიმის სიბნელეს ყოველთვის სინათლე ახლავს თავს, დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ…

ბავშვი დაიბადება და ფინალურ სცენაში, მიწაზე ყურმიდებული მთელი ხმით ყვირილს იწყებს. არა, რევოლუცია არ მოდის 😉 აი რა, უკვე თავად განსაჯეთ

Advertisements

2 responses »

  1. Pingback: BIAFF დღე მეოთხე და მეხუთე | The world through a gemini's eyes

  2. Pingback: BIAFF 2016 დასრულდა! | The world through a gemini's eyes

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s