დადგა დღე იგი დიადი – BIAFF 2017 გაიხსნა

   საღამო იყო ნათელი და მშვიდი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი გაბრდღვიალებული (გარედან მზის სხივით და შიგნიდან დარბაისელი ჭაღით), მომლოდინე სტუმარნი ინტერესით აღსავსე, აღელვებული მასპინძელნი კეთილგანწყობილნი…

და იყო უამრავი ფოტო და უამრავი სელფი ბათუმის საავტორო კინოს XII საერთაშორისო კინოფესტივალის ბანერთან, შესასვლელის მცველ წითელ ზღვის ცხენთან თუ მუსიკალური ცენტრის მრავალრიცხოვან სარკეებთან…

მოკლედ ყველაფერი იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო 

ბათუმის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის – 2017 წლის ბიაფფის გახსნაზე. ცერემონიალზე ტრადიციულად გაგვაცნეს მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრები მოჰსენ მახმალბაფის, ალექსანდრე რეხვიაშვილის და საფარ ჰაქდოდოვის თავჯდომარეობით. კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს ვახტანგ კიკაბიძე და გია ყანჩელი, ამ უკანასკნელის უკვდავი მუსიკა კი ცოცხალი შესრულებით მოგვასმენინეს, რაც ნამდვილად ერთი სიამოვნება იყო.

ჩემდა გასაკვირად წლევანდელი ფესტივალის ფილმები არც ტრეილერების არც უბრალო ჩამონათვალის სახით არ უჩვენებიათ, რასაც იმ იმედით ველოდი რომ სანახავ ფილმთა სიას უფრო თვალხილული მოვინიშნავდი. სამაგიეროდ გახსნის ფილმი შემოგვთავაზეს ძალიან საინტერესო რეჟისორისა ძალიან საინტერესო თემაზე – გიორგი ოვაშვილის “ხიბულა” – მისი ტრილოგიის უკანასკნელი ფილმი (პირველი ორია 2009 წლის ფილმი “გაღმა ნაპირი” და 2014 წლის “სიმინდის კუნძული”).

სინოფსისში ვკითხულობთ: “სახელმწიფოში, რომელმაც დამოუკიდებლობა ახლახან მოიპოვა, ლიდერს ირჩევენ, მაგრამ მალე მას სახელმწიფო გადატრიალების შედეგად აძევებენ. ლიდერი მთაში გარბის, სადაც ერთგული ჯარი უნდა ელოდებოდეს. მათთან შეხვედრასა და ძალაუფლების დასაბრუნებლად უკან დაბრუნებას აპირებს. დაიმედებული პრეზიდენტი თავის მცველებს მთაში მიყვება, სადაც გადაჯგუფებასა და წართმეული დიდების დაბრუნებას აპირებს. თუმცა მოგზაურობა მოუსვენრობით სავსე აღმოჩნდება: ნდობას უნდობლობა ცვლის, იმედს უიმედობა. ოცნებები რეალობას ერწყმის და დაუცველობის შეგრძნება მატულობს.”

mv5bntiznmm4y2itm2e5ns00odm2ltgxzdutytjknwq0zdq4ztdkl2ltywdlxkeyxkfqcgdeqxvyndm1nzqxmjg._v1_sy1000_cr007071000_al_

არც აქ და არც თავად ფილმში არსად ახსენებენ პრეზიდენტის ვინაობას, რეჟისორმა თვით მსახიობიც სრულიად განსხვავებული გარეგნობისა და აურის მატარებელი აირჩია, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ესაა ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღეების შესახებ… და ალბათ სწორედ ეს ცოდნა გახდა ჩემთვის მთავარი გადაულახავი ბარიერი იმისთვის, რომ ფილმის რეალობა ჩემს მეხსიერებასა თუ წარმოდგენაში არსებული რეალობისთვის არ შემედარებინა. 

ჩემი წარმოდგენა კი მასზე იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა ფილმის პერსონაჟისგან, რომ მუდმივ წინააღმდეგობაში მიწევდა ყოფნა პირველ რიგში საკუთარ თავთან, რადგან შესანიშნავად მომეხსენება, რომ ფილმის ყურებისას მხოლოდ მისგან უნდა გამოვდიოდე, მისი ლოგიკიდან, მისი ატმოსფეროდან და მისი რეალობიდან; რომ პატივი უნდა ვცე რეჟისორის თავისუფლებას მისთვის სასურველი რაკურსით წარმოგვიდგინოს ისტორიული მოვლენები (მითუმეტეს რომ სიუჟეტის თვალსაზრისით ნამდვილად სკრუპულოზური ნამუშევარია); რომ ბოლოს და ბოლოს ჩემს მიერ წარმოდგენილი ზვიადი, რომელიც ძირითადად პატარა ბავშვის აღქმასა და ძველ ვიდეოებში ნანახის გაანალიზების მცდელობით არის ნაკოწიწარი, ვერანაირად შეედრება იმ ადამიანის აღქმას, რომელსაც უცილობლად შესანიშნავად ახსოვს ცოცხალი პრეზიდენტი და მთელი მისი ისტორია.

და მაინც, მე მინდოდა მენახა ისეთი ზვიადი როგორიც წარმომედგინა ყოველთვის – ძლიერი, ქარიზმატული, მოძრავი, აქტიური, მუდამ სევდანარევი გამომეტყველებით, რასაც “ხიბულას” ბატონი პრეზიდენტი არანაირად გავს. მის მწუხარებაში გატეხილი ბობოქარი ადამიანი ვერ დავინახე; მის სიმკაცრეში იდეით ატაცებული ადამიანის სისასტიკე არ იგრძნობოდა; მძაფრი ემოციურობის ნაცვლად საკუთარ თავში ჩაკეტილი, მრუმე სიმშვიდის საბურველში გახვეული ადამიანი ჩანს, დინჯი საუბრის მანერით…

ამ დროს საქართველოში “დედა შვილს არ აიყვანს” სიტუაციაა, სრული ქაოსი… და შფოთვა, რაც წესით აქაც უნდა იგრძნობოდეს (ყოველ შემთხვევაში მე სულ მქონდა მისი მოთხოვნილება), მხოლოდ ბატონი პრეზიდენტის არეული სიზმრებით გამოიხატება. რამდენად მძაფრად მოქმედებს ისინი მაყურებელზე უკვე სხვა თემაა.

შესაძლოა კვლავაც არაა საკმარისი დრო გასული რომ ზვიადის ისტორიას მშვიდი და მიუკერძოებელი თვალით შევხედოთ. მეც კი, ვისაც თითქმის არ ახსოვს ცოცხალი, არ შემიძლია ყოველგვარი წინასწარგანწყობის გარეშე ვუყურო ფილმს მასზე, ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლებს ალბათ ასმაგად ექნებათ გამძაფრებული გრძნობები მის მიმართ. მხოლოდ ეს ფაქტი მიუთითებს რეჟისორის უბადლო გამბედაობაზე ამ თემას შეჭიდებოდა და თან ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესები წამოეწია წინ. ამიტომ ყველაზე მეტად ფილმის ფინალი მაინტერესებდა, როგორ შეძლებდა ავტორი ამ ნეიტრალიტეტის ბოლომდე მიყვანას ისე, რომ ყველანაირი სწორხაზოვანი კითხვა-პასუხი აერიდებინა და უნდა ვაღიარო მან ეს შესანიშნავად მოახერხა.

რათქმაუნდა შეგვიძლია ისიც ვთქვათ რომ ეს ფილმი არაა ზვიად გამსახურდიაზე, უფრო სწორად მხოლოდ და მხოლოდ მასზე, არამედ ამ პერსონაჟში (რომელსაც სინამდვილეში სახელიც არ აქვს), გაერთიანებულია ყველა მისი ბედის გამზიარებელი ლიდერი, ამიტომ ის არც და ვერც ემგვანება ვინმე კონკრეტულს. მხოლოდ ამით ვერ ავხსნი რატომ დავრჩი ემპათიის გარეშე ამ ფილმის ყურებისას. 

როგორც ჩანს ფილმში ადამიანებიდან წამოსული ძლიერი ვნებები დამაკლდა, რადგან თხრობის ისედაც მდორე სტილი და კადრსშიგა სიხალვათე (რაც სრულიად შესანიშნავადაა გათამაშებული ტრილოგიის პირველ ორ ფილმში) აქ ძალიან ბევრ აუთვისებელ სივრცეს ტოვებს, სადაც სიმშვიდეს არ აკომპენსირებს დაძაბულობა და ამ შემთხვევაში მხოლოდ მთავარ პერსონაჟს არ ვგულისხმობ. ტკივილამდე დაჭიმული ნერვები, რაც მის გარემოცვაში იქნებოდა, აქ მხოლოდ დროდადრო შემოძახებული სიმღერით გამოიხატება, რაც თავისი უადგილობით მუდმივ დისკომფორტს უჩენს მაყურებელს, თუმცა ეს ასეც უნდა იყოს.

“ხიბულას” ყველაზე ემოციური მომენტი ჩემთვის პირადად მოხუცი ქალის მიერ ნამღერი “დიდება” იყო… და ზვიად გამსახურდიას ლექსი ფილმის დასასრულს…

ბიაფფი დაიწყო ^_^

One response to “დადგა დღე იგი დიადი – BIAFF 2017 გაიხსნა”

  1. BIAFF 2017 დახურვის ცერემონიალზე | ekAniki's blog Avatar
    BIAFF 2017 დახურვის ცერემონიალზე | ekAniki's blog

    […] ისევ ნათელი და მშვიდი დადგა, მხოლოდ  ამჯერად ნაკლები […]

    Like

Leave a comment